fbpx
Tbilisi Gestalt Institute

ეთიკის კოდექსი

თბილისის გეშტალტის ინსტიტუტი მიზნად ისახავს პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებთან შესაბამისობას. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენ პირად და პროფესიულ პასუხისმგბელობას ეთიკის პრინციპებისა და პრაქტიკის დანერგვაში. კერძოდ, ჩვენ ვიზიარებთ ევროპის გეშტალტ თერაპიის ასოციაციის ეთიკის კოდექს, რომელიც ქვემოთ მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ:

http://www.eagt.org/code_of_ethics.htm.

თბილისის გეშტალტის ინსტიტუტის ეთიკის კოდექსი:

  1. ძირითადი დებულებები
    1. წინამდებარე ეთიკის კოდექსი არეგულირებს გეშტალტ-თერაპევტის მუშაობასთან, და გეშტალტ-თერაპევტსა და კლიენტს შორის არსებულ ურთიერთობებთან დაკავსირებულ ეთიკურ ნორმებს.
    2. გეშტალტ-თერაპევტი პასუხისმგებელია წინამდებარე ეთიკის კოდექსით განსაზღვრული დებულებების, როგორც მინიმალური სავალდებულო მოთხოვნების აღიარებასა და პრაქტიკულ დანერგვაზე.
    3. გეშტალტ-თერაპევტი პასუხისმგებელია მისი პროფესიული საქმიანობის წარმართვასა და სამუშაოს ორგანიზებაზე წინამდებარე ეთიკის კოდექსისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  2. კომპეტენცია
    1. გეშტალტ-თერაპევტი განახორციელებს მხოლოდ ისეთ საქმიანობას, რომლის კომპეტენციაც მას მისივე შეფასებით გააჩნია, ან თუ მან იცის, რომ მას გააჩნია ისეთი კომპეტენცია, რომელიც დაეხმარება კლიენტის სასარგებლოდ განახორციელოს გარკვეული ღონისძიებები.
    2. სამუშაო პროცესში გეშტალტ-თერაპევტის მიერ საკუთარი კომპეტენციის შეზღუდვების აღმოჩენა ნიშნავს, რომ მან უნდა, ან გადაამისამართოს კლიენტი სხვა პროფესიონალთან, ან თავად სცადოს სხვა პროფესიონალთან კოლაბორაცია, მათ შორის, სუპერვიზიის მისაღებად.  ასეთ შემთხვევაში, პირველი, რაც უნდა გაკეთდეს არის კლიენტთან არსებული თავდაპირველი კონტრაქტის გადასინჯვა. კლიენტთან მუშაობის გაგარძელება შეიძლება მოხდეს მხოლოდ კომპეტენციის შესაბამისი გაუმჯობესების შემდეგ.
    3. გეშტალტ-თერაპევტი ყურადღებით ამოწმებს, თუ რამდენად საკმარისია მისი კომპეტენცია კლიენტის საჭიროებებიდან გამომდინარე ფსიქოთერაპიული პროცესის წარმართვისათვის. თუ გეშტალტ-თერაპევტი განსაზღვრავს, რომ კონტექსტუალური ველი, მისი სტრუქტურა, საზღვრები, და ველში დომინანტური მიზნები რაიმე ფორმით ეწინააღმდეგება ან ზღუდავს მისი კომპეტენციის სრულ გამოყენებას კლიენტთან მუშაობის პროცესში, მაშინ გეშტალტ-თერაპევტი ვალდებულია თავი შეიკავოს ამ სამუშაო პროცესის გაგრძელებისგან.
    4. გეშტალტ-თერაპევტი ვალდებულია მოიძიოს მხარდაჭერა და მეტად გაერკვეს პრობლემურ სიტუაციასთან დაკავშირებულ სირთულეში მისი გამოცდილი კოლეგების დახმარებით, ინტერვიზიის ფორმით.
    5. გეშტალტ-თერაპევტი ვალდებულია მიიღოს ინდივიდუალური ან ჯგუფური სუპერვიზია, იმისდა მიხედვით თუ რომელი სუპერვიზიული ფორმა მისთვის მეტი მხარდაჭერისა და კომპენეტციის მომტანია.
    6. გეშტალტ-თერაპევტი ანვითარებს კავშირებს სხვა პროფესიული წრეების წარმომადგენლებთან  და დაწესებულებებთან (როგორიცაა კლინიკები) იმისათვის, რომ მიუწვდებოდეს ხელი აუცილებელ დიაგნოსტიკურ და თერაპიულ სერვისებთან და შეეძლოს საჭიროების შემთხვევაში, კლიენტის  დაკავშირება მათთან.
    7. გეშტალტ-თერაპევტი იცავს საკუთარ სამუშაოს და პროფესიას ზოგადად ნებისმიერი არასათანადო ქმედებისგან, პროექტისგან და პროცედურისგან (ლექციები, ინტერვიუ, საჯარო გამოსვლები, მედია, სემინარები), რომლებიც ეწინააღმდეგება იმ პროფესიულ სტანდარტებს, რომელსაც გეშტალტ-თერაპევტი ემხრობა.
    8. გეშტალტ-თერაპევტი ვალდებულია მიიღოს ინდივიდუალური თერაპია საკუთარ ფსიქოთერაპიულ მნიშვნელოვანი ცვლიბების და პრობლემების არსებობის შეთხვევაში, როგორიცაა პირადი კრიზისი, გადაწვის ნიშნები, კლიენტთან საზღვრების შენარჩუნების სირთულე, მათ შორის ინტიმური ან სექსუალური ხასიათის.
    9. თერაპიულ პროცესში გამოყენებულ უნდა იქნას ისეთი მეთოდოლოგიური და ტექნიკური მიდგომა, რომელიც ამსახურება კლიენტის განვითარების მიზნებს მასთან არსებული კონტრაქტის შესაბამისად. გეშტალტ-თერაპევტი აცნობიერებს, რომ ნებისმიერი ტიპის გათამაშება, განსაკუთრებით კი ექსპრესიული და კათარზისული ხასიათის გათამაშება, საჭიროებს შემდგომ დე-დრამატიზაციას, დეტალური და ფრთხილი სამუშაო პროცესის საშუალებით.
    10. საგანანმანათლებლო პროცესში, რომელიც მთელი პროფესიული ცხოვრების მანძილზე მიმდინარეობს, გეშტალტ-თერაპევტი მუშაობს საკუთარი პიროვნული და პროფესიული კომპეტენციის გაფართოვება-გაღრმავებაზე. გეშტალტ-თერაპევტი ვალდებულია შეინარჩუნოს ღიადობა მნიშვნელოვანი ცვლილებებისადმი, რომლებიც ზემოქმედებენ ამ პროცესზე, იმისდა მიუხედავად ხდება ეს გეშტალტ თერაპიის სფეროში თუ ფსიქოთერაპიის სხვა სფეროებსა და მიმდინარეობებში, კლიენტის ინტერესების გათვალისწინებით.
    11. გეშტალტ-თერაპევტი სიფრთხილით ინახავს დოკუმენტაციას, რომელიც უკავშირდება კლიენტის დიაგნოსტიკურ ან თერაპიულ პროცესს, და ითვალისწინებს ადგილობრივ რეგულირებებს დოკუმენტაციის შენახვის ვადისა და უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ. დოკუმენტაციის სიფრთხილით წარმოება ნიშნავს ადგილობრივ ფსიქოთერაპიულ რეგულაციებთან შესაბამისობას, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
  3. კონფიდენციალობა
    1. ნებისმიერი სახის კომუნიკაცია გეშტალტ-თერაპევტსა და კლიენტს შორის არის კონფიდენციალური, წინამდებარე ეთიკის კოდექსის მე-8 მუხლის, „გამონაკლისი გარემოებების“ გათვალისწინებით.
    2. კლიენტის პირადი მონაცემების, მათ შორის შემთხვევის აღწერის ჩანაწერების წარმოება რეგულირდება ადგილობრივი საკანონმდებლო და პროფესიული ნორმებით.
    3. გეშტალტ-თერაპევტი სათანადო სიფრთხილით იცავს კლიენტის მონაცემებს მისი პირადი იდენტიფიცირების შესაძლებლობისგან, ასევე ამ ინფორმაციის გავრცელებისგან ნებისმიერი ურთიერთგადამფარავი კავშირების არხებით, როგორიცაა სუპერვიზია.
    4. იმ შემთხვევაში, თუ გეშტალტ-თერაპევტს სურს კლიენტთან სამუშაო პროცესში მიღებული სპეციფიური ინფორმაციის გამოყენება ლექციის ან პუბლიკაციისთვის, მან ჯერ უნდა მოიპოვოს კლიენტის ან მისი იურიდიული წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობა და მკაცრად დაიცვას სახელთან და პირად მონაცემებთან დაკავშირებული ანონიმურობა, ევროპის გეშტალტ თერაპიის ასოციაციის ეთიკის კოდექსის და გასაჩივრების პროცედურების მოთხოვნების შესაბამისად.
    5. იმ შემთხვევაში, თუ გეშტალტ-თერაპევტს სურს კლიენტის შემთხვევის სპეციფიური მასალის გამოყენება შემთხვევის ანალიზის წარსადგენად, ანგარიშში ჩასართავად თუ გამოსაცემად, მან ჯერ უნდა მოიპოვოს კლიენტის ან მისი იურიდიული წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობა, როდესაც ეს შესაძლებელია, და დაიცვას კლიენტის ანონიმურობა.
    6. კლიენტის მონაცემების ვიდეო, ფოტო, აუდიო და სხვა ნებისმიერი სახის ჩანაწერი უნდა შენახულ იქნას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კლიენტის კონფიდენციალობისა და ანონიმურობის უზრუნველყოფის მიზნით.
    7. გარე, კერძო ან საჯარო ინსტიტუციების, როგორიცაა სასამართლო, სადაზღვევო კომპანიები, და სხვ., მიერ კლიენტთან დაკავშირებული ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში გეშტალტ-თერაპევტი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ დროს, გეშტალტ-თერაპევტი უკავშირდება კლიენტს და წარმართავს კლიენტთან კომუნიკაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თერაპიული პროცესისთვის მაქსიმალურად სასარგებლო ფორმით.
    8. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი წარმოადგენს არასრულწლოვანს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გეშტალტ-თერაპევტი ითვალისწინებს ყველა ზემოთ მოცემულ მოთხოვნას. ამასთან, გეშტალტ-თერაპევტი ვალდებულია დაიცვას საქართველოში არსებული იურიდიული და პროფესიული რეგულაციები არასრულწლოვანთან მოპყრობის თაობაზე, მათ შორის ინფორმაციის გადაცემა არასრულწოლვანის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან არასათანადო მოპყრობის რისკის შესახებ.
    9. იმ შემთხვევაში, თუ გეშტალტ-თერაპევტს გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი კლიენტის ან მისი გარემოცვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, შესაძლებელია დასაბუთებულად ჩაითვალოს გეშტალტ-თერაპევტის გადაწყვეტილება დაარღვიოს კონფინდეციალობა და გადასცეს ინფორმაცია იმ ოფიციალურ პირებს ან პროფესიონალებს, რომელთაც შეუძლიათ ჩარევა და სავარაუდო საფრთხის ან რისკის აღმოფხვრა. კლიენტი უნდა იყოს ინფორმირებული ამგვარი ქმედების შესახებ.
  4. კლიენტთან კონტრაქტის გაფორმება
    1. ნებისმიერი შეთანხმება გეშტალტ-თერაპევტსა და კლიენტს შორის წარმოადგენს ორმხრივ კონტრაქტს, იმისდა მიუხედავად წერილობითი თუ ზეპირი ფორმით არის შემდგარი.
    2. კლიენტთან თერაპიული კონტრაქტის შეთანხმების პროცესში გეშტალტ-თერაპევტი გარკვევით და ღიად წარადგენს ინფორმაციას საკუთარი კომპეტენციის, ექსპერტიზის და გამოცდილების შესახებ.
    3. გეშტალტ-თერაპევტი ვალდებულია განახორციელოს კლიენტის რეგისტრაციის პროცედურა ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.
    4. ნებისმიერი ჩანაწერი, გადაღება ან დაკვირვება თერაპიული სესიის დროს წინასწარ უნდა შეთანმხდეს კლიენტთან და ჩაითვალოს თერაპიული კონტრაქტის ნაწილად.
    5. კონტრაქტი კლიენტთან, წერილობითი თუ ზეპირი ფორმით, ცალსახად უნდა განსაზღვრავდეს გადასახადის ოდენობას, გადახდის გრაფიკსა და ფორმას, თერაპიული სესიების ადგილს, შესვენებებისა და კლიენტის ან გეშტალტ-თერაპევტის მიერ კონტრაქტის შეწყვეტის წესებს. ამის მაგალითია წინასწარი შეთანხმება ოფიციალური დღესასწაულების დროს შესვენების თაობაზე, ან დროებითი შეჩერება სხვა პროფესიული ვალდებულებებიდან გამომდინარე, ან ავადმყოფობასთან დაკავშირებით, და სხვა. თერაპიის ხანგრძლივობა, კლიენტის გადამისამართების საჭიროება და კონტრაქტის შეწყვეტის პირობები წინასწარ განიხილება კლიენტთან და მას უთანხმდება.
    6. პირადი კრიზისის ან ფიზიკური ავადმყოფობის შემთხვევაში, გეშტალტ-თერაპევტი ვალდებულია ჩაერთოს სუპერვიზიაში პროფესიული ურთიერთობის აღდგენის უზრუნველყოფის მიზნით.
    7. გეშტალტ-თერაპევტი ვალდებულია თერაპიული ურთიერთობის განმავლობაში თავი შეიკავოს ნებისმიერი კომუნიკაციისიგან სხვა პირთან, აგრეთვე შეფასებებისგან და განცხადებებისგან, ასევე სხვა პირთა შეფასებისგან ან დაინტერესებისგან, იმისდა მიუხედავად თუ რამდენად ახლო ურთიერთობა აქვს ამ პირს კლიენტთან, კლიენტის წინასწარი თანხმობის გარეშე. თუ მოხდა ასეთი შეთანხმება, ეს გამოიწვევს პირველადი კონტრაქტის შესაბამის გადასინჯვას.
  5. რეკლამა
    1. რეკლამა შეზღუდულია აღწერითი სახის დებულებების ფორმამდე, რომლებიც აღწერენ არსებულ მომსახურებას და მომსახურების გამწევი პირის კვალიფიკაციას. რეკლამა არ უნდა მოიცავდეს ყოფილ ან არსებულ კლიენტთა რეკომენდაციებს და შეფასებებს, აგრეთვე შედარებითი ხასიათის დებულებებს, ან სხვა რაიმე სახით მიუთითებდეს მომსახურების უპირატესობაზე სხვა კოლეგების მიერ, სხვა თერაპიული სკოლების, ან სხვა ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ მომსახურებასთან შედარებით. რეკლამა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და პროფესიული ორგანიზაციებით.
  6. უსაფრთხოება
    1. გეშტალტ-თერაპევტი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა იმისათვის, რომ კლიენტს არ მიაყენოს რაიმე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანი თერაპიული სესიების დროს იმ ფიზიკურ გარემოცვაში, სადაც ტარდება სესიები.
    2. გეშტალტ-თერაპევტი უზრუნველყოფს პრივატულობას თერაპიული სესიების დროს ისე, რომ კლიენტის და თერაპვეტის საუბარი არავინ მოისმინოს, ან ჩაიწეროს, და არავინ დაინახოს კლიენტი, კლიენტის ინფორმირებული თანხმობის გარეშე.
  7. გამონაკლისი გარემოებები
    1. შესაძლებელია გამონაკლის გარემოებებში, გეშტალტ-თერაპევტს დასჭირდეს ზომების მიღება კლიენტის ან მისი სოციალური გარემოცვის დასაცავად, თუ ჩათვლის, რომ კლიენტის თვით-კონტროლის უნარი არ მნიშვნელოვნად დაქვეითებული. ასეთ შემთხვევაში, კლიენტის ინფორმირებული თანხმობის მიღების ვალდებულება კონფიდენციალობის დარღვევისა და კონტრაქტის ცვლილების თაობაზე, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
    2. ინდივიდუალური ან ჯგუფური საგანგებო (მაგ., სიცოცხლისათვის რისკის არსებობა, საზოგადოებრივი არეულობა, ომი, ბუნებრივი კატასტროფა, და სხვა.) სიტუაციების დროს, გეშტალტ-თერაპევტი ვალდებულია გაითვალისწინოს კონკრეტული შემთხვევის თავისებურებები, და შეინარჩუნოს კლიენტის ანონიმურობა და პროფესიული კონფიდენციალობა, თუ არსებული გარემოებები ამის შესაძლებლობას იძლევა.
    3. გეშტალტ-თერაპევტი ვალდებულია დაიცვას კლიენტის ავტონიმიურობა და პროფესიული კონფიდენციალობა იმ შემთხვევებშიც, როდესაც ფსიქოთერაპია კლიენტის კეთილდღეობასთან დაკავშირებული უფრო ფართო პროცესის ნაწილს წარმოადგენს. განსაკუთრებით, როდესაც ფსიქოთერაპია კლიენტს „ენიშნება“, მაგ., ფსიქოთერაპია საავადმყოფოში, ორგანიზაციაში, არასრულწლოვნების დაწესებულებაში, და ა. შ., მათ შორის ჯანდაცვის სხვა წარმომადგენლებთან გუნში მუშაობის დროს. გეშტალტ-თერაპევტი განუმარტვას კლიენტს ამგვარი სპეციფიური კონტრაქტის თავისებურებებს შეთანხმების პირველსავე ეტაპზე, და სამუშაო პროცესში ჩართავს სხვა პირებს/პროფესიონალებს მხოლოდ კლიენტის თანხმობის შემთხვევაში.
  1. თერაპევტის საზოგადოებრივი როლის მართვა
    1. გეშტალტ-თერაპევტი ფლობს ინფორმაციას იმ არსებული საკანონმდებლო მოთხოვნების შესახებ, რომლებიც ეხება მის პროფესიულ საქმიანობას და მისი სამუშაო პრაქტიკის ან დაწესებულების საქმიანობას, და ყურადღებით ადევნებს თვალყურს შესაბამისი რეგულაციების ცვლილებებს.
    2. გეშტალტ-თერაპევტი თავს იკავებს საჯაროდ ან კერძოდ საკუთარი მომსახურების, პროფესიული განვითარებისა და თვისებების რეკლამირებისგან.
    3. გეშტალტ-თერაპევტი თვალყურს ადევნებს საქართველოს პროფესიულ რეგულირებას, რომელიც უკავშირდება საკუთარი თავის წარდგენას კარებთან მიმაგრებულ ფირფიტებზე წარწერების, გაზეთში განცხადებების გამოქვეყნების გზით, სატელეფონი-საინფორმაციო ცნობარებში ან ინტერნეტში ინფორმაციის განთავსების სასუალებით. საზოგადოება არ უნდა შევიდეს შეცდომაში წარმოდგენილი მომსახურები ან კვალიფიკაციის თაობაზე, რამდენადაც ამან შეიძლება შეძღუდოს კლიენტის არჩევანი სხვაგან ეძიოს მისთვის საჭირო მომსახურება ან კვალიფიკაცია.
    4. გეშტალტ-თერაპევტი არ იკავებს თავს კლიენტისათვის იმ ინფორმაციის გაზიარებისგან, რაც სხვა კოლეგებისგან ან დაწესებულებებისგან დახმარებისა და პროფესიული მომსახურების მიღების შესაძლებლობას ეხება.
    5. გეშტალტ-თერაპევტი პატივს სცემს კოლეგებს, როგორც საჯარო, ისე კერძო კომუნიკაციაში, და თავს იკავებს დამაკნინებელი შენიშვნებისგან სხვა თეორიული მოდელების, სკოლების ან სხვა კოლეგების მიმართ.
    6. გეშტალტ-თერაპევტი არ დათანმხდება ისეთ საქმეს ან პროექტს, რომელშიც უკვე ჩართულია სხვა კოლეგა, განსაკუთრებით კლიენტსა და სხვა კოლეგას შორის თერაპიული კონტრაქტის არსებობის შემთხვევაში. ეჭვის შემთხვევაში, გეშტალტ-თერაპევტი წარმართავს დიალოგს კოლეგასთან კლიენტის ინფორმირებული თანხმობის მიღების შემდეგ.
    7. გეშტალტ-თერაპევტი არ მიიღებს ეკონომიკურ ან სხვა სახის პირად სარგებელს კლიენტების სხვა კოლეგასთან ან დაწესებულებასტან გადამისამართებისთვის.
    8. იმ შემთხვევაში, თუ გეშტალტ-თერაპევტისთვის ცნობილი გახდა კოლეგის მხრიდან ისეთი ქმედების შესახებ, რომელიც აკნინებს ფსიქოთერაპიის პროფესიას, ის ვალდებულია დაუპირისპირდეს კოლეგას და/ან მის პროფესიულ ორგანიზაციას.
    9. გეშტალტ-თერაპევტი არ ჩაერთვება ისეთ ოფიციალურ ან კერძო საქმიანობაში, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მის რეპუტაციას და წინააღმდეგობაში შევიდეს მისი პროფესიული ქცევის და როლის ეთიკასთან, ან ზოგადად პროფესიის რეპუტაციისთვის იყოს საზიანო.
    10. გეშტალტ-თერაპევტი აცნობიერებს ფსიქოტერაპიული სამუშაოს იმ სოციალურ და პოლიტიკურ ასპექტებს, აგრეთვე კლიენტის კონტექსტში სოციალურ და პოლიტიკურ ფაქტორებს, რომლებიც ზემოქმედებენ კლიენტზე. გეშტალტ-თერაპევტი თავს იკავებს ნებისმიერი სახის ზეგავლენისგან  კლიენტის პოლიტიკურ, რელიგიურ და სხვა შეხედულებებთან მიმართებაში ისე, რომ უზრუნველყოს შესაბამისობა ადამიანის უფლებების კანონებთან, რეგულაციებსა და პოლიტიკებთან.
    11. გეშტალტ ფსიქოთერაპიის მიმართულებით განათლების მიზანია ინფორმაციის მიწოდება მაქსიმალურად ობიექტური და გასაგები ფორმით თეორიული, მეთოდოლოგიური და ტექნიკური მიღწევების შესახებ, როგორც ზოგადად ფსიქოთერაპიის, ისე კონკრეტულად გეშტალტ თერაპიის სფეროში. მასწავლებელების პირადი შეხედულებები წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ასეთი.
    12. გეშტალტ-თერაპევტი ინარჩუნებს სრულ ვალდებულებებს ყოფილი კლიენტების და მიმდინარე სტუდენტების წინაშე.
  2. თბილისის გეშტალტის ინსტიტუტის ვალდებულებები
    1. არ უნდა შეიქმნას ცრუ მოლოდინები განათლების ოფიციალური აღიარების თაობაზე, როგორც ადგილობრივი სახელმწიფო ორგანიზაციების და არსებული კანონმდებლობის (კანონები, რომლებიც არეგულირებს ფსიქოთერაპიულ განათლებას და „ფსიქოთერაპევტის“ წოდების უფლებას) თვალსაზრისით, ისე ფსიქოთერაპიის ხარჯების ანაზღაურებას ჯანდაცვის სერვისების ან სადაზღვევო კომპანიების მიერ.
    2. თბილისის გეშტალტის ინსტიტუტი ვალდებულია შეაფასოს კანდიდატების კვალიფიკაცია, მოლოდინები და ფსიქო-ფიზიკური მდგომარეობის შესაბამისობა, და მიაწოდოს მათ სრულად და გასაგები ფორმით, ინფორმაცია სასწავლო პროგრამისა და შიდა რეგულაციების შესახებ.
    3. თბილისის გეშტალტის ინსტიტუტი ვალდებულია უზრუნველყოს განათლების მაღალი ხარისხი, როგორც მასწავლებელთა და სუპერვიზორთა სპეციფიური კომპეტენციის თვალსაზრისით, ისე სასწავლო პროგრამასთან შესაბამისობის თვალსაზრისით. ის უზრუნველყოფს შიდა კონტროლის არსებობას განათლების ხარისხის შესამოწმებლად, აგრეთვე უზრუნველყოფს სივრცესა და ადგილს სასწავლო მეთოდოლოგიის გაუმჯობესებისა და შედარებისთვის.
    4. ურთიერთობები მასწავლებლებს, სტუდენტებსა და გეშტალტის ინსტიტუტს შორის არის გამჭირვალე და სათანადოდ დოკუმენტირებული იურიდიული ძალის მქონე კონტრაქტების ფორმით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
    5. მასწავლებელი გეშტალტ-თერაპევტი აცნობიერებს საკუთარი როლის თავისებურებებს სტუდენტებთან ურთიერთობებში, და არ გამოიყენებს ამ როლს საკუთარი ინტერესებისთვის. ისინი განსაკუთრებულად აცნობიერებენ ასეთ ურთიერთობებში დამოკიდებულების, იდეალიზიციის და შეფასების მოლოდინთან დაკავშირებული ფაქტორების მნიშვნელობას. თბილისის გეშტალტის ინსტიტუტი უზრუნველყოფს მასწავლებელ-სტუდენტის ურთიერთობების წარმართვის წესებს და წარმოქმნილი პრობლემების განსახილველ სივრცეს.
    6. თბილისის გეშტალტის ინსტიტუტი პერიოდულად შეაფასებს რამდენად აკმაყოფილებს სტუდენტის განათლების დონე არსებულ მოთხოვნებს, და უზრუნველყოფს ამ პროცესის გამჭირვალე და სტრუქტურირებულ ფორმას.
    7. კლიენტ-თერაპევტის ურთიერთობების მარეგულირებელი ეთიკური პრინციპები და თერაპევტის საზოგადოებრივი როლის მართვის წესები თანაბრად ვრცელდება მასწავლებელ-სტუნდენტის ურთიერთობებსა და განათლების სფეროზე (კომპეტენცია, კონფიდენციალობა, ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, კონტრაქტის შეთანხმება და უსაფრთხოება).
    8. სწავლების მიზნით სტუდენტისთვის გეშტალტი თერაპიის ჩატარებისას დაცული მკაცრად უნდა იყოს გამიჯნული როლები; ტრენერი, რომელიც ატარებს თერაპიას სტუნდეტთან, არ უნდა მონაწილეობდეს ამ სტუდენტის წინსვლის და შესაფერისობის შეფასების ოფიციალურ პროცედურაში.
    9. თბილისის გეშტალტის ინსტიტუტი უზრუნველყოფს კონტროლს სასწავლო პერსონალის პირადი, დიდაქტიკური, კლინიკური და სამეცნიერო სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. დაცული უნდა იყოს მასწავლებელ თერაპევტთა შორის ინფორმაციის პროფესიული გაცვლა, მათი აუცილებელი სუპერვიზია და განგრძობითი სწავლება-განვითარება.
  3. ინტერესთა კონფლიქტი
    1. იმ შემთხვევაში, თუ გეშტალტ-თერაპევტი აღმოჩნდება სხვადასხვა ან რამოდენიმე ეთიკურ პოზიციათა და მოთხოვნათა შორის კონფლიქტში, და თავად ვერ წყვეტს ამგვარ კონფლიქტს, სუპერვიზიის და/ან ინტერვიზიის დახმარებით, ის ვალდებულია მიმართოს თბილისის გეშტალტის ინსტიტუტს და/ან მისი პროფესიული ასოციაციის ეთიკურ კომიტეტს შესაბამისი კონსულტაციების მისაღებად.
  4. სამართალწარმოება
    1. ნებისმიერი გეშტალტ-თერაპევტი, რომელიც წარმოადგენს ევროპის გეშტალტ თერაპიის ასოციაციის წევრს, და რომელთან მიმართებაშიც მიმდინარეობს სამართალწარმოების საქმე, ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს ევროპის გეშტალტ თერაპიის ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს.
    2. ორგანიზაციაში მომუშავე ნებისმიერი გეშტალტ რომელიც წარმოადგენს ევროპის გეშტალტ თერაპიის ასოციაციის წევრს, და რომელთან მიმართებაშიც მიმდინარეობს სამართალწარმოების საქმე, ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს ევროპის გეშტალტ თერაპიის ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს.

წინამდებარე ეთიკის კოდექსი შედგენილია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე. გაურკვევლობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ქართულ ვარიანტს. 

%d bloggers like this: